2026 წლის 14-15 მაისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის (MR 25-212) ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის (კონცენტრაცია: სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკა) II კურსის სტუდენტმა ნათია აბულაძემ მონაწილეობა მიიღო XVI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ბიზნესი და მენეჯმენტი 2026“, რომელიც ჩატარდა ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში (ლიეტუვა).
ნათია აბულაძემ წარადგინა მოხსენება - „ქალთა მიმართ ძალადობის ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევა საქართველოში“ (ხელმძღვანელი - ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე, რომელიც აგრეთვე იღებდა მონაწილეობას ამ კონფერენციაში).
ნათია აბულაძის პრეზენტაცია ეხებოდა ყველა ქვეყნისთვის აქტუალურ და სენსიტიურ საკითხს, რის გამოც კონფერენციაზე მან განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან მაღალი ინტერესი გამოვლინდა მრავალრიცხოვან შეკითხვებში, დისკუსიაში და შეფასებებში. ყოველივე ამის საბოლოო დადასტურება იყო ის, რომ ნათია აბულაძის მოხსენება დასახელდა სექციის საუკეთესო მოხსენებად და მას საზეიმო ვითარებაში ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ვიდა დავიდავიჩიენეს მიერ გადაეცა დამადასტურებელი სერთიფიკატი.
საამაყოა, რომ ნათია აბულაძემ მაღალ დონეზე წარმოაჩინა ჩვენი ფაკულტეტი და მთლიანად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე.
